კახა კახიშვილი აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს პროგრამების დირექტორსა და ვისკონსინის შტატის დელეგაციას შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის დირექტორ მაიკლ მაკმენსა და ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან პარტნიორობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უცვლელი პრიორიტეტია. მინისტრმა INL-ის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე განიხილეს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების შეფასების შედეგები, რომლის საფუძველზეც მოხდება შემდგომი რეკომენდაციებისა და პროგრამების მომზადება. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა სპეციალური დანიშნულების ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებზე, ნებადართულ სპეციალურ საშუალებებსა და მართვის სტრუქტურაზე.

კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემისათვის უმნიშვნელოვანესია, მართვის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. ამ მხრივ, აღსანიშნავია INL-ის მხარდაჭერა და ახალი პროექტის დაწყება, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტებზე მომზადებული სპეციალური დანიშნულების რაზმისა და საგანგებო რეაგირების დანაყოფის შესაძლებლობების გაზრდას უზრუნველყოფს.

„დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც გვეხმარებიან სასწავლო პროგრამების გაწერასა და იმპლიმენტაციაში. ჩვენი აზრით, რეფორმების ეფექტიანობის ინდიკატორი თანამშრომელთა კვალიფიკაციაა და ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სათანადო პროგრამების დანერგვაზე, რაშიც ჩვენი ამერიკელი კოლეგები გვიჭერენ მხარს,“- აღნიშნა კახა კახიშვილმა.

აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს პროგრამების ხელმძღვანელის მაიკლ მაკმენის თქმით, ბიურო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში აქტიურად განაგრძობს.

„სამინისტროსა და ბიუროს თანამშრომლობის ფარგლებში, მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდა ვისკონსინის შტატის სასჯელაღრულების დეპარტამენტთან. ამჯერად სამინისტროს ვეხმარებით სპეციალური დანიშნულების ძალების მოდერნიზებასა და შესაძლებლობების ზრდაში,“ - განაცხადა მაიკლ მაკმენმა.

ვისკონსინის დელეგაციას ოშკოშის სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების დირექტორი ჯიმ ზენონი, დოდჯის სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების დირექტორი დილონ რადტკე, ზრდასრულთა დაწესებულებების სამმართველოს უსაფრთხოების უფროსი მარკ უაისბერგერი და ოშკოშის სასჯელაღსრულების დაწესებულების დანაყოფის უფროსი ერიკ ბარბერი წარმოადგენენ.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველომ უკვე მეოთხედ უმასპინძლა ვისკონსინის შტატის დელეგაციას, ხოლო სასწავლო და სამუშაო ვიზიტებმა აშშ-ში უწყების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ამერიკული გამოცდილების გაზიარებას შეუწყო ხელი.

FaceBook Twitter Google