თბილისის პრობაციის ბიუროს დახმარებით, კიდევ ხუთი პრობაციონერი დასაქმდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის ბიუროს დახმარებით, ხუთი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და სტაბილური შემოსავალის წყარო გაუჩნდა.

თბილისის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა თითოეული მათგანის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებებისა და მათ საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, მოძიებული იქნა სამუშაო ადგილები.

პირობით მსჯავრდებულები რ.ბ, გ.ო, ა.თ, გ.ჩ, და კ.გ. სამშენებლო ბლოკის დამამზადებელ საამქროში ოპერატორად და მუშებად დასაქმდნენ. მათი ყოველდღიური ანაზღაურება, საშუალოდ, 30-40 ლარი იქნება.

პირობით მსჯავრდებულთათვის დასაქმებაში ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სააგენტოს ძალისხმევით, უკვე 57 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა. 2012 წლიდან დღემდე პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით 606 პრობაციონერია დასაქმებული.


FaceBook Twitter Google