შესყიდვის ელექტრონული პროცედურა კვებით უზრუნველყოფაზე
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში კვებით უზრუნველყოფაზე მომსახურების ელექტრონული პროცედურით შესყიდვის პრაქტიკა გასულ წელს დაინერგა და პრეტენდენტების შერჩევა სრულიად გამჭვირვალედ ხდება.

2013 წლამდე, ერთი და იგივე კომპანია უზრუნველყოფდა პატიმრების კვებით მომსახურებას და ციხის მაღაზიების მართვას, რაც პირდაპირი წესით სარგებლობაში, ტენდერის და ყოველგვარი საიჯარო ქირის გადასახადის გარეშე ჰქონდა გადაცემული. მაღაზიიდან მეტი მოგების მიღების მიზნით, განზრახ ხდებოდა პატიმრების კვების მომსახურების ხარისხის გაუარესება.

ციხის მაღაზიების სარგებლობაში გადაცემის მიზნით, გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი, რომელიც ღიად და საჯაროდ განთავსდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე - www.eauction.ge, ხოლო კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად ელექტრონული პროცედურა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე - http://procurement.gov.ge, რის შემდეგაც ორივე მიმართულებით სხვადასხვა კომპანია ოპერირებს. წარსული პრაქტიკისგან განსხვავებით, მაქსიმალური კონკურენციის, თანასწორობისა და არადისკრიმინაციულობის უზრუნველსაყოფად, მაღაზიების ოპერირებისთვის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხა შევიდა. 2013 წლამდე არსებული 5 მენიუს ნაცვლად, გამრავალფეროვნებული 11 სხვადასხვა მენიუს გათვალისწინებით, კვებითი მომსახურების შესასყიდად, პრეტენდენტებს მიეცათ საშუალება, სრულიად გამჭვირვალედ მიიღონ ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობა და გააფორმონ კონტრაქტი.

შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლო დაშვების მქონე კომპანიებს, რადგან გადაუმოწმებელი კომპანიის მხრიდან ყოველთვის არსებობს გასაიდუმლოებული ობიექტის დაცვის პარამეტრების დარღვევის საფრთხე, ან თუნდაც, არსებობს რისკი იმისა, რომ გადაუმოწმებელმა კომპანიამ, მათ შორის უცხო ქვეყნის კომპანიამ, პოლიტიკური ან სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, შეგნებულად მოწამლოს პატიმრები და ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია.

კვებითი მომსახურების უზრუნველყოფის განახლებული პირობა მოიცავს მომსახურების პერიოდში კომპანიის მიერ ათვისებული საპატიმრო დაწესებულებების სამზარეულოს ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების, საკომუნიკაციო გაყვანილობების ექსპლუატაციის და დაზიანების შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოების ჩატარების ვალდებულებებს. ეს კი, არსებული კანონმდებლობის თანახმად, ცალსახად მიუთითებს ხელშეკრულების საიდუმლო ხასიათზე, ვაინაიდან პენიტენციური დაწესებულება საიდუმლო ობიექტია. შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, რომელიც აიღებს ნებართვას საიდუმლო დაშვებაზე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში კვებით უზრუნველყოფაზე შესყიდვის ელექტრონული პროცედურა კანონმდებლობის სრული დაცვით ტარდება. კვების სფეროში ოპერირებს სულ 15 მსხვილი კომპანია, რომლებსაც აქვთ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე. ასევე, ელექტრონული პროცედურის გამოცხადებამდე, ინფორმაცია მიეწოდათ სხვა კომპანიებსაც. მათ მიეცათ 3 თვიანი ვადა, რაც სავსებით საკმარისია ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობისთვის საიდუმლო დაშვების მოსაპოვებლად.


FaceBook Twitter Google