სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით, ყოფილი პატიმრებისა და პირობით მსჯავრდებულებისთვის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებენ, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა გახსნა. მასში სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

ზვიად მიხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო მათ მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
შეხვედრა “EU4Justice: პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის’’ მხარდაჭერით შედგა. მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართება, მიღწეულ შედეგებს განიხილავენ.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტებს ორგანიზაციები - „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“, „ჰილსვერკ ავსტრია ინტერნაციონალი“ - პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პირობით მსჯავრდებულებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისა და მოზარდების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებენ.

ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებულია იურიდიული და ფსიქო-სოციალური დახმარება; სარეაბილიტაციო და არტ თერაპიის კურსები; პროფესიული მომზადება; ტრენინგები; სოციალური საწარმოების გახსნა და დასაქმება და სხვა სახის აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციას, გათავისუფლებისთვის მომზადებას, რეინტეგრაციას საზოგადოებაში და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.




FaceBook Twitter Google