ზვიად მიხანაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულს გმირებს პატივი მიაგო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნას დაესწრნენ. მემორიალი თბილისში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის ეზოში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა.

მემორიალზე ომში დაღუპული გმირების სახელები და გვარები ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული, მათ შორის არიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები: გოჩა ილურიძე, გიორგი აბიათარი, ბესიკ მამიაური და ილია შავერდაშვილი. მემორიალის გახსნას უწყების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. სამინისტროს ოთხივე გარდაცვლილ თანამშრომელს გასულ წელს, მინისტრ კახა კახიშვილის ბრძანების საფუძველზე, უწყების უმაღლესი ხარისხის ჯილდო - პირველი ხარისხის მედალი "კანონისა და ღირსების სადარაჯოზე" მიენიჭათ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მემორიალი დაღუპული გმირების სულების უკვდავსაყოფად გაიხსნა.

"9 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ომმა სულ 5 დღე გასტანა, მაგრამ საქართველომ ძალიან მძიმე დარტყმა და უდიდესი ტკივილი მიიღო. პატივს მივაგებ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გმირულად იბრძოდნენ. მადლობა მათ ოჯახებს ასეთი გმირების აღზრდისთვის,"-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

ოჯახის წევრებმა სამინისტროს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ გმირებს პატივს ყოველწლიურად მიაგებენ, რაც მათი ოჯახებისთვის ძალიან მნიშნელოვანია.

მემორიალის გახსნის შემდეგ, ეკლესიაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდა.



FaceBook Twitter Google