საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ენერგოაუდიტის ჩატარებაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. საპილოტე პროექტის ფარგლებში, N8 და N18 პენიტენციურ დაწესებულებებში, სამინისტრო ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, რომლის მიზანი პენიტენციურ დაწესებულებებში კომუნალური და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაა. ენერგოაუდიტი კონკრეტული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებების გამოკვეთას უზრუნველყოფს. ენერგო აუდიტის ჩატარება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ. დაინტერესებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ენერგოაუდიტის დასკვნის საფუძველზე კი, ოპტიმალური ტექნიკური და სახელშეკრულებო პირობები განისაზღვრება და შესყიდვის შესაბამისი პროცედურა ჩატარდება. შესყიდვის პროცედურაში გამარჯვებულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან გააფორმოს მრავალწლიანი ხელშეკრულება.

იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების არეალში ექცევა, კომპანიების მიერ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ წერილს უნდა ერთვოდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა (ფორმა N4).

ამასთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაოდ კომპანიის მხოლოდ ის მოსამსახურეები დაიშვებიან, რომლებზეც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაცემულია სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება. კომპანიებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა, სამინისტო აღნიშნულის უზრუნველსაყოფად დამატებით გონივრული ვადას განუსაზღვრავს.

დაინტერესებულმა კომპანიებმა არაუგვიანეს 2017 წლის 30 სექტემბრისა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში (მის: თბილისი, გორგასლის 83ა) უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
წერილი ინტერესთა გამოხატვის თაობაზე;
ინფორმაცია ფირმის ზოგადი გამოცდილების შესახებ;
ანალოგიური პროექტების განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია;

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საკონტაქტო პირს: გურამ მგელაძე, ელექტრონული მისამართი: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს , ტელ: 555 194 454.


FaceBook Twitter Google