ზვიად მიხანაშვილი აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ კონფერენციას დაესწრო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიწვევით, აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების შემდგომ განვითარებაზე დისკუსიას დაესწრო. ღონისძიებაზე განრიდების და მედიაციის პროგრამის შედეგები მიმოიხილეს.

საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვა 2010 წელს დაიწყო, როდესაც ამოქმედდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა – სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც პროკურორს, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, აქვს შესაძლებლობა, არ გამოიყენოს არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ამავდროულად არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე.

,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მონაწილეობა მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციას და რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის პრევენციას. 2010 წლიდან პრობაციის ეროვნული სააგენტო, წარმატებით უზრუნველყოფს განრიდების პროცესში მონაწილე, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ინდივიდუალური რისკებისა და საჭიროებების შესწავლას, რაც საფუძვლად უდევს არასრულწლოვანის განრიდების ხელშეკრულების პირობების შემუშავებას"- განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შესაბამისი სპეციალიზაცია გავლილი აქვს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყველა სოციალურ მუშაკს და ოფიცერს.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საერთო სასამართლოებისა და საქართველოს პროკურატურის ჩართულობით, განრიდებისა და მედიაციის პროგრამების ზოგად მენეჯმენტს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს "დანაშაულის პრევენციის ცენტრი".

თითოეული უწყების გამორჩეული მუშაკებს კონფერენციაზე ჯილდოები გადაეცათ, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამი სოციალური მუშაკი კი ზვიად მიხანაშვილმა თავად დააჯილდოვა.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა გრიგოლია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი, ლაილა ომარ გადი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი და ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ივო ერცენი, რომელიც წამყვანი ევროპელი მკვლევარია აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებში.

FaceBook Twitter Google