მსჯავრდებულებმა წმ. ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა ქალბატონებმა ღონისძიება სახელწოდებით "მოდიოდა ნინო მთებით" გამართეს, რომელიც წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.

საღამოზე მსჯვრდებულებმა წმინდა ნინოს ცხოვრება გაიხსენეს, წაიკითხეს ლექსები, მუსიკალური და პანტომიმის ნომრებიც შეასრულეს.

მსჯავრდებულების მონაწილეობით გამართულ საღამოს სასულიერო პირები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მწერალთა კავშირის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველმა ქეთი დუმბაძემ აღნიშნა, რომ ქალბატონები ძალიან ნიჭიერები არიან და მან მადლობა გადაუხადა სამინისტროსა და დაწესებულების ადმინისტრაციას მსჯავრდებულთა მსგავს აქტივობებში ჩართვისათვის.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორ ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, ღონისძიებებში მათი ჩართულობა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციას უწყობს ხელს, რათა დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვანი რეინტეგრაცია სწრაფად მოახდინონ.

მსგავსი კოლტურული ღონისძიებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მონაწილეობით აქტიურად იმართება.

FaceBook Twitter Google