ზრუნვა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე
ზრუნვა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი სამინისტროს სისტემაში დასაქმებული საჯარო მოხელეების, პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადებაზე, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავს.

რეაბილიტირებული შენობა უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს სასწავლო პროცესისა და დასვენებისათვის

• 2014 წლის 6 იანვრიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო განახლებული ინფრასტრუქტურით. რეაბილიტირებული შენობა უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს სასწავლო პროცესისა და დასვენებისათვის.
• ინფრასტრუქტურის განახლებამ ტრენინგების მონაწილეთათვის ხელმისაწვდომი გახადა ღია და დახურული სპორტული დარბაზები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი სპორტული ინვენტარით.

ტრენინგის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომია სპორტული დარბაზი

ტრენინგის პრაქტიკული ნაწილის ეფექტურად ჩატარებისთვის სასწავლო ცენტრში განახლდა იმიტირებული საკნები, რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეებისთვის კეთილმოეწყო სასტუმრო ოთახები.
• 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გადამზადდა სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფი 7 769 მსმენელი.

2012 -2016 წლებში სასწავლო ცენტრში გადამზადდა სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფი 7 769 მსმენელი.

• ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტის _ „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში, „ევროპული ციხის წესების“ ერთ-ერთი თანაავტორის, ჟერარ დე იონგის მონაწილეობით მომზადდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა მომზადების გრძელვადიანი სასწავლო კურსი (6თვე/872 საათი). აღნიშნული სასწავლო პროგრამის მიხედვით ამ ეტაპისთვის მომზადება გაიარა ორმა ჯგუფმა;
• სასწავლო ცენტრი თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რაც დადებითად აისახება სასწავლო ცენტრის მუშაობის ხარისხსა და ეფექტურობაზე. სასწავლო ცენტრს აქტიური თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან, ამერიკის საელჩოსთან, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ), გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და სხვა ორგანიზაციებთან. მათთან თანამშრომლობით განახლდა და მომზადდა არაერთი სასწავლო პროგრამა, განხორციელდა ტრენინგები და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადებითად აისახება სასწავლო ცენტრის მუშაობაზე

• სასწავლო ცენტრმა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფედერალური დახმარების პროექტის (INL) მხარდაჭერით საფუძველი ჩაუყარა მენტორინგის ინსტიტუტის დანერგვას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში. მომზადდა კონცეფცია, სახელმძღვანელო და სასწავლო პროგრამა მენტორთათვის, რომელიც გადაეცათ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სერტიფიცირებულ მენტორებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფედერალური დახმარების პროექტის - „პრობაციის მენტორინგის სისტემის ჩამოყალიბება“ ფარგლებში ავტორთა კოლექტივთან ერთად მომზადდა „მენტორინგის სახელმძღვანელო“ .
• ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის“ (Human Dynamics) ფარგლებში მომზადდა სასწავლო პროგრამა და განხორციელდა სასჯელაღსრულების სისტემის სოციალური მუშაკების გადამზადება.
• პოლონეთისა და ირლანდიის სასწავლო ცენტრებთან თანამშრომლობის გზით მოწვეულმა პოლონელმა და ირლანდიელმა ექსპერტებმა სასწავლო ცენტრში განახორციელეს ტრენერთა ტრენინგი ძალის მინიმალურ გამოყენებასა და ტაქტიკურ მომზადებაში.
• ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (Human Dynamics KG)“ მხარდაჭერით მომზადდა სასწავლო ფილმი პენიტენციური სისტემის თანამშრომელთათვის „სასჯელაღსრულების სისტემაში ბრალდებულის შემოყვანა-განთავსება“. ევროპის საბჭოს პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მხარდაჭერით მომზადდა ორი სასწავლო ფილმი სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთათვის: „პატიმართა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა“ და „წამების და არაადამიანური მოპყრობის პრევენცია ციხეში“. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქმედუნარიანობის განვითარების“ პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეო გაკვეთილი „ტაქტიკური მომზადება და სპეციალური საშუალებების გამოყენების ტექნიკა სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთათვის“. აღნიშნული ფილმები დამხმარე სასწავლო მასალად გამოიყენება ტრენინგის მსვლელობის დროს სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
• გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით განხორციელდა სხვადასხვა ტრენინგები არასრულწლოვან პატიმრებთან მომუშავე პენიტენციური სისტემის თანამშრომელთათვის.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით სხვადასხვა ტრენინგი განხორციელდა

• სასჯელაღსრულების დაწესებულების ფსიქოლოგებთან ჩატარებული გამოკითხვისას, ფსიქოლოგების მიერ დასახელებულ თემებზე შეიქმნა სასწავლო პროგრამები. შედგა სასჯელაღსრულების დაწესებულების ფსიქოლოგების ფსიქოთერაპიულ მეთოდში - კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) - გადამზადების ექვს ეტაპიანი მოდული.
• 2017 წლის პირველ იანვრამდე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს ყველა დღეს მოქმედი მოსამსახურე, რომელიც სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ მუშაობას განაგრძობს სამსახურში, გაივლის სერტიფიცირებას სასწავლო ცენტრში. აღნიშნული პროცესი დაიწყო 2015 წლის მეორე ნახევარში. დღეის მონაცემებით სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობა მიიღო - 407 მსმენელმა.


მოსამსახურეები სერტიფიცირებას სასწავლო ცენტრში გაივლიან

• სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მოსამსახურეთა მიღება მოხდება სპეციალური კონკურსის საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატს მიენიჭება კურსანტის სტატუსი. კურსანტები გაივლიან სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსს, რომელიც მოიცავს თეორიულ სწავლებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში და სასწავლო პრაქტიკას პენიტენციურ დაწესებულებებში. აღნიშნულის განხორციელება იგეგმება 2016 წლის 1 მაისიდან.

• 2016 წლის 1 მაისამდე შესაძლებელია თანამდებობაზე უკონკურსოდ დაინიშნოს პირი არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურეები დანიშვნისთანავე გაივლიან პირველადი მომზადების სასწავლო კურსს სასწავლო ცენტრში, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში ისინი გამოსაცდელი ვადის პერიოდში აგრეთვე გაივლიან სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსს. დღეისათვის პირველადი მომზადების სასწავლო კურსი გაიარა - 46 მსმენელმა.

• იგეგმება სსიპ სასწავლო ცენტრისთვის აკადემიის სტატუსის მინიჭება.

FaceBook Twitter Google