სამინისტროს შესახებ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დაარსდა 2009 წლის 1 თებერვალს.  სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო.

 

სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება:

  • სასჯელის აღსრულების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა;
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება და პენიტენციური დაწესებულებების ერთიანი მართვა, მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციაზე ზრუნვა;
  • არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
  • სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა.

 

სამინისტრო თავისი ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი

 

სამინისტროს პრიორიტეტია ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება; სასჯელის მოხდის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დაცვა, ინდივიდუალური მიდგომებით მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ზრუნვა და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

სამინისტროს სისტემაში მრავალმხრივი რეფორმები ხორციელდება, რომელთა მიზანია მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება; მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა;  მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია; პენიტენციური ჯანდაცვის სერვისის გაუმჯობესება; მსჯავრდებულთა დასაქმება და ა.შ. სამინისტროს ინიციატივით, პენიტენციურ სისტემაში მრავალი სიახლე დაინერგა;  უმჯობესდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც სასჯელის მოხდა ღირსეულ პირობებში, დასავლური სტანდარტების შესაბამისადაა უზრუნველყოფილი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად, სიახლეების დანერგვასა და ახალი პროექტების განხორციელებას კვლავ განაგრძობს და ამ პროცესში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას.

 

FaceBook Twitter Google